ქართულ Play Store-ში მალე ფასიანი აპლიკაციები გამოჩნდება
2 კვირის წინ

მოგეხსენებათ, Google-ის Play Store-ი Android პლატფრომაზე აპლიკაციების გადმოწერის საუკეთესო საშუალებაა. მასში შევხვდებით 2.6 მილიონზე მეტ აპლიკაციას როგორც დიდი კომპანიებისგან, ასევე დამოუკიდებელი დეველოპერებისგან. სამწუხაროდ, საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში პლატფორმის სრული პოტენციალის გამოყენება არც თუ ისე ადვილია. მაგალითისთვის, ჩვენი რეგიონიდან დღემდე შეუძლებელი იყო მარკეტზე ფასიანი აპლიკაციების ყიდვა, ან უფასო აპლიკაციებში ფასიანი პაკეტების შეძენა (in-app purchases). როგორც იქნა, Google-მა შეისმინა ქართველი მომხმარებლების თხოვნა.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ დღეიდან Play Store-ში საქართველოდანაც შესაძლებელია პლასტიკური ბარათის მიბმა და აპლიკაციებისა თუ თამაშების ყიდვა. აღნიშნული პროცესი აქამდე საჭიროებდა VPN-ის გამოყენებას, მოწყობილობის დარუთვას, Google-ის სერვისების მონაცემების წაშლას და ბევრ სხვა ასე თუ ისე რთულ პროცედურას. ამიერიდან, ეს ყველაფერი აღარაა საჭირო. განახლებული დეველოპერული კონსოლის მიხედვით, Play Store-ი დღეიდან აპლიკაციების ფასებს ლარში გადააკონვერტირებს. აპლიკაციების ღირებულება შეიძლება იყოს 2₾-იდან 1,100₾-ამდე. შესაბამისად, თუ ამერიკაში აპლიკაცია $1 ღირს, ჩვენთან ის დღევანდელი კურსით 2.67₾ ეღირება.

თუ გსურთ რომ Play Store-ზე აპლიკაციების შეძენა დაიწყოთ, მიყევით ამ ინსტრუქციას ბარათის მისაბმელად: პირველ რიგში, გახსენით მარკეტის აპლიკაცია. მარცხნიდან გამოასრიალეთ ნავიგაციის პანელი და გადადით Payment methods-ში. ამის შემდეგ დააჭირეთ Add credit or debit card და შეიყვანეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები. ამის შემდეგ თქვენი ანგარიში ავტომატურად მიიღებს ქართული ანგარიშის სტატუსს. ამის შესამოწმებლად, ნავიგაციის პანელიდან აირჩიეთ Account. ქვეყნის კატეგორიაში საქართველოს დაინახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავად მონიშნოთ Georgia.

ჯერ კიდევ გუშინ, ბარათის დამატების პროცესი ბევრად უფრო ჩახლართული იყო. როგორც უკვე აღვნიშნე, Play Store არ იღებდა ქართულ ბარათებს, რის გამოც მისი “მოტყუება” გვიწევდა, VPN-ითა თუ სხვადასხვა ხერხებით. ფასიანი აპლიკაციები ქართულ Play Store-ში შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ყველასთან გამოჩნდება. Play Console-ის ქვეყნის სარჩევში საქართველო ჯერაც არ ჩანს, რაც წესით რამდენიმე საათში უნდა შეიცვალოს. ჩვენ უკვე დავუკავშირდით Google-ს და ველოდებით მათგან ოფიციალურ განცხადებას სიახლის შესახებ.

Google-ის გადაწყვეტილება, გახადოს ფასიანი აპლიკაციები ხელმისაწვდომი საქართველოში, ხელს შეუწყობს როგორც დეველოპერებს, ასევე ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე არასაიმედო საიტებიდან APK ფაილების გადმოწერა და ხელით ინსტალაცია წარსულს ჩაბარდება. Google-ის სერვისზე ქართული ბარათის მიბმის მხარდაჭერა საშუალებას იძლევა საქართველოში ამუშავდეს ისეთი სერვისები, როგორებიცაა Google Pay, Opinion Rewards, YouTube Premium და სხვა. იმედი გვაქვს, რომ მათ შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ადრე თუ გვიან გავიგებთ.


წყარო: Play Console