Google Photos-ს მალე ახალი ჭკვიანი ფუნქციები დაემატება
2 თვის წინ

ალბათ გახსოვთ დიდი სქელი ალბომები, უამრავი შავ-თეთრი ან ფერადი სურათით, რომლებიც დროდადრო ხუნდებოდა და კარგავდა პირვანდელ სახეს, ხოლო ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრების საუკეთესო მომენტები ნელ-ნელა იკრაგებოდა და ხანდახან უკვალოდ ქრებოდა კიდეც. მაგრამ სამყარო განვითარდა და შეგიძლიათ დაივიწყოთ ეს ყველაფერი.

რამდენიმე წელია, რაც Google-ი მომხმარებლებს თავის ერთ-ერთ სერვის Photos სთავაზობს, რომელიც განუსაზღვრელი დროის მანძილზე საუკეთესო ხარისხით ინახავს სურათებსა და ვიდეოებს ღრუბლოვან სივრცეში. წლების განმავლობაში აღნიშნული სერვისი საკმაოდ დაიხვეწა და ბოლოს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერაც მიიღო. მალე კი მას ისეთი შესაძლებლობებიც დაემატება, როგორიცაა Manual bokeh და Color pop ეფექტი.

რამდენიმე მომხმარებელმა აღნიშნული ფუნქციები სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ Google-ი გარკვეულ სეგმენტზე ტესტავს ახალ ჭკვიან შესაძლებლობებს. Manual bokeh-ს საშუალებით შესაძლებელია უკვე გადაღებული სურათის ბლურის დარეგულირება. ხოლო Color pop-ი შესაძლებლობას მოგცემთ ფოტოში ერთი გარკვეული ფერის ან ობიექტის გარდა ყველაფერი შავ-თეთრი გახადოთ.

გარდა ამისა Google Photos აპლიკაცია უკვე მოიცავს ტექსტის, ობიექტების, შტრიხკოდების, გარემოსა და ადგილების ამომცნობ ალგორითმებს. ამასთანავე აპლიკაცია თავს უყრის ერთ გარემოში, ერთ დროს გადაღებულ ფოტოებს და ავტომატურად გთავაზობთ კოლაჟს, ანიმაციურ ვიდეოსა და  Gif-ებს. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გახდება ხელმისაწვდომი ზემოთ აღნიშნული ჭკვიანი ფუნქციები. იქამდე კი გადაამოწმეთ თქვენი Google Photos აპლიკაცია, იქნებ თქვენ მომხმარებლების იმ კატეგორიაში ხართ, ვისთანაც იტესტება ახალი შესაძლებლობები.