10 აპლიკაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენოთ

დღესდღეობით, მობილური აპლიკაციები თითქმის ყველაფრისთვისაა. გართობისთვის, შემეცნებითი მიზნებისთვის, დროის გასაყვანად და ა.შ. სამწუხაროდ, აპლიკაციების ამ ორომტრიალში მომხმარებლები ხშირად ცდებიან და აყენებენ ისეთ აპლიკაციებს, რომლებიც ტელეფონს ვნებს. ამ სტატიაში ჩამოგითვლით ათ აპლიკაციას, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარია, სინამდვილეში კი თქვენს უსაფრთხოებას სერიოზულ ზიანს აყენებს. მაშ ასე, დავიწყოთ.

1. QuickPic

დახასიათება: ერთ დროს, QuickPic საკმაოდ ცნობილი გალერეა იყო. მარტივად მოსახმარი სამომხმარებლო ინტერფეისით, დახვეწილი დიზაინითა და ფუნქციონალით მან ბევრი მომხმარებლის გული მოიგო.

საფრთხე: აღნიშნული აპლიკაცია გასულ წელს ავად სახსენებელმა Cheetah Mobile-მა შეიძინა. კომპანიამ მომხმარებლების ინფორმაციის საკუთარ სერვერებზე ატვირთვა დაიწყო. ალბათ, არ არის კომფორტული, როცა თქვენი ინფორმაცია რომელიღაცა ჩინური კომპანიის სერვერებზე თქვენგან უცნობად ინახება.

quick-pic-dns-452x500

ალტერნატივები: Android სისტემისთვის ძალიან ბევრი გალერეის აპლიკაციაა. ერთ-ერთი, რომელსაც მე პირადად გირჩევთ, არის LeafPic. აღნიშნული აპლიკაცია ჯერჯერობით ბეტა სტადაიშია, თუმცა იგი საკმაოდ სტაბილურია. ძველი QuickPic-ის არ იყოს, მასაც აქვს დახვეწილი დიზაინი და ფუნქციონალი. გალერეაში აგრეთვე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ ფერები და სამომხმარებლო ინტერფეისის სხვა ელემენტები. ყველაზე დიდი პლიუსი კი ის არის, რომ აპლიკაცია open-source-ა, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ იგი სრულიად უფასოა. აგრეთვე კარგი ალტერნატივებია Piktures და Focus.

2. ES File Explorer

დახასიათება: სამწუხაროდ, ES File Explorer Android-ზე ყველაზე პოპულალური ფაილების მენეჯერია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ ის მართლაც კარგი იყო.

საფრთხე: უსაფრთხო ვერსიაში დაემატა ძალიან ბევრი ე.წ. “Bloatware”, რომელიც უსარგებლო ფუნქციებს/აპლიკაციებს გულისხმებს. აპლიკაცია გამუდმებით გზავნის შეტყობინებებს, მოგიწოდებთ სხვადასხვა საშიში აპლიკაციების დაყენებისაკენ და ათავსებს რეკლამებს დაბლოკილ ეკრანზე.

ალტერნატივები: გალერეის აპლიკაციების არ იყოს, Play Store-ი არც ფაილ მენეჯერების ნაკლებობას განიცდის. ერთ-ერთი საუკეთესოა Solid Explorer. მისი გამოყენება 14 დღის განმავლობაში უფასოდ შეგეძლებათ, თუმცა შემდეგ $1.99-ის გადახდა მოგიწევთ. აპლიკაციას ბევრი ისეთი კარგი ფუნქცია აქვს, როგორებიცაა ღრუბლოვანი საცავის მხარდაჭერა, რუთ ფაილების ნახვა/მოდიფიცირება, ZIP და RAR ფაილების გაკეთება და ა.შ. აგრეთვე შესაძლებელია მისი სამომხმარებლო ინტერფეისის მნიშვნელოვნად შეცვლა. თუ open-source ალტერნატივა გსურთ, მაშინ Amaze File Manager-ს გირჩევთ.

3. UC Browser

დახასიათება: UC Broswer არის ყველაზე პოპულალური Android ვებ ბრაუზერი ჩინეთში, ინდოეთსა და საწმუხაროდ, საქართველოშიც. ეს პოპულალურობა გამოიწვია მისმა ე.წ. “სწრაფმა რეჟიმმა”, რომელიც კომპრესაციის საშუალებით მეგაბაიტებსაც ზოგავს.

საფრთხე: აპლიკაცია მომხმარებლების ინფორმაციას Yahoo India-სა და Google-ს დაუშიფრავად უგზავნის. IMSI და IMEI კოდები, Android ID და Wi-Fi MAC მისამართები Umeng-ში იგზავნება. ადგილმდებარეობა (გრძედი/განედი და ქუჩის სახელი) კი AMAP-ში.

ალტერნატივა: რა ჯობია Google-ის ოფიციალური აპლიკაციის გამოყენებას? Chrome-ი უდავოდ საუკეთესო ვებ ბრაუზერია როგორც მობილურზე, აგრეთვე პერსონალურ კომპიუტერებზე. იგი სწრაფია, ლამაზი და რაც მთავარია, მარტივი მოსახმარი. Open-source ალტერნატივად შეგვიძლია მივიჩნიოთ Firefox, რომელსაც extension-ებისა და plug-in-ების მხარდაჭერაც აქვს.

4. CLEAN it

დახასიათება: “ნაგვის” წაშაშლელი აპლიკაცია, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ინსტალაცია აქვს.

clean-it-626x500

საფრთხე: მისი ფუნქციების უმრავლესობა ტელეფონის მუშაობაზე ცუდად აისახება. მაგალითისთვის, ქეშის გასუფთავება საგრძნოლად შეანელებს ტელეფონს, როცა მისი თავიდან გამომუშავება იქნება საჭირო. ოპერატიული მეხსიერების დაცარიელება კატასტროფულად იმოქმედებს ბატარეაზე. გაშვებული აპლიკაციების ავარიულად გათიშვა კი არაფრით არ გააუმჯობესებს ბატარეის ხანგრძლივობას.

ალტერნატივები: მგონი, ერთადერთი ამ ტიპის აპლიკაცია, რომელიც თავის საქმეს ნამდვილად ასრულებს, ანუ ნამდვილად შლის “ნაგავს”, არის SD Maid. იგი ტელეფონიდან ყველა გამოუყენებელ და გამოუსადეგარ ფაილს წაშლის. ბატარეის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად და აპლიკაციების მუშაობს შესაზღუდად კი Greenify უდავოდ საუკეთესო ვარიანტია.

5. Brightest Flashlight Free

დახასიათება: ჩვეულებრივი ფანრის აპლიკაცია, რომელიც არაფრით განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან.

unnamed

საფრთხე: Play Store-ში შეგიძლიათ იხილოთ ის უფლებები (permissions) რომელსაც აღნიშნული აპლიკაცია მოითხოვს. იგი ითხოვს წვდომას თქვენს ადგილმდებარეობაზე, ფოტოებზე, ფაილებზე, კამერაზე, Wi-Fi კავშირის ინფორმაციაზე, მოწყობილობის ID-ზე და ა.შ. რაში სჭირდება უბრალო ფანარს თქვენი ადგილმდებარეობა ან თქვენს ფაილებში ძრომიალი? არაფერში. სწორედ ამიტომაცაა ეს (და ამის მსგავსი ბევრი) აპლიკაცია საშიში.

ალტერნატივა: დავიწყოთ იმით, რომ Android ოპერაციული სისტემით აღჭურვილ სმარტფონების უმრავლესობას ისედაც ჩაშენებული აქვს ფანრის ფუნქცია. მაგრამ, თუ მაინცდამაინც აპლიკაციის გამოყენება გინდათ, შეგიძლიათ Torchie ცადოთ. აპლიკაციის დაყენების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ გააქტიუროთ ფანარი ხმის აწევისა და დაწევის ღილაკზე ერთდროულად დაჭერის. იგი მუშაობს როგორც ჩართულ ეკრანზე, აგრეთვე გამორთულზეც (ამ ფუნქციის გააქტიურება პარამეტრებიდან შეგიძლიათ). რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნული აპლიკაცია ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი და იგი პირადად ჩემს მიერ არის გადათარგმნილი. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ის open-source-ა.

6. DU Battery Saver

დახასიათება: მორიგი “ბატარეის დამზოგავი” აპლიკაცია, რომელსაც საუბედუროდ 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. 8.3-მა მილიონმა მომხმარებელმა ამ აპლიკაციას 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიანიჭა. რა თქმა უნდა, ისინი ცდებიან.

საფრთხე: სწრაფი დამუხტვის რეჟიმი? არცერთ აპლიკაციას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტელეფონი სწრაფი დამუხტვის რეჟიმით უზრუნველყოს. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, DU-ს ჯგუფი საკმაოდ გაწაფულია რეკლამირებაში, რადგან ასი მილიონი მომხმარებელი არც თუ ისე ცოტაა. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ თქვენ იხილავთ რეკლამებს დაბლოკილ ეკრანსა და შეტყობინებათა პანელზე. აპლიკაციაში არსებული ყველანაირი სტატისტიკა და ლამაზი ანიმაციები ყალბია.

ალტერნატივები: მინდა გავიმეორო, რომ არცერთ აპლიკაციას არ შეუძლია ტელეფონი სწრაფი დამუხტვის რეჟიმით უზრუნველყოს. თუმცა, თუ გსურთ, აკონტროლოთ ბატარეის მოხმარება თქვენს მოწყობილობაზე, შეგიძლიათ GSam Battery Monitor ან BetterBatteryStats გამოიყენოთ. ბატარეის დასაზოგად კი ზემოთ ხსენებულ Greenify-ს გირჩევთ.

7. Dolphin Web Browser

დახასიათება: ჩვეულებრივი ვებ ბრაუზერი რამდენიმე დამატებით, როგორებიცაა Flash-ის მხარდაჭერა, HTML 5 ვიდეოები და ა.შ. მას 100 მილიონამდე გადმოწერა აქვს.

საფრთხე: UC Browser-ის მსგავსად, Dolphin-იც მომხმარებლის ინფორმაციას აგროვებს. მეტიც, ისინი აგროვებენ ინფორმაციასაც ინკოგნიტო ფანჯრებიდან, რომლებიც წესით დაცული უნდა იყოს.

ალტერნატივები: როგორც უკვე ვთქვი, Chrome და Firefox საუკეთესო ალტერნატივები არიან.

8. Photo Collage Editor

დახასიათება: კოლაჟების გასაკეთებელი აპლიკაცია, რომელიც 120 სხვადასხვა ჩარჩოსა და სახალისო ფონებს შეიცავს.

photo-collage-631x500

საფრთხე: რეკლამების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა. ყველაზე მოსაბეზრებელი კი ის არის, რომ დაბლოკილ ეკრანზე DU Quick Charge ჩნდება.

ალტერნატივები: ASUS-ის Photo Collage მშვენიერი ალტერნატივაა. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის Snapseed. ან თუმდაც, Aviary, Toolwiz… მოკლედ, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო.

9. Clean Master

დახასიათება: მორიგი ძალიან პოპულალური “ტელეფონის ასასწრაფებელი და ბატარეის დამზოგავი” აპლიკაცია. მას თითქმის 1 მილიარდი მომხმარებელი ყავს.

საფრთხეები: დავიწყოთ იმით, რომ აპლიკაცია დამზადებულია Cheetah Mobile-ის მიერ. ეს კომპანია ცნობილია უსარგებლო ფუნქციების ჩამტებით, რეკლამებით თავის მობეზრებისა და აპლიკაციებით მოპოვებული მომხმარებლების ინფორმაციის შეგორვებით. როგორც ყველა ამ ტიპის აპლიკაცია, Clean Master-იც სასარგებლოს არაფერს აკეთებს. ოპერატიული მეხსიერების გასუფთავება საჭირო აღარაა.

ალტერნატივები: გულწრფელად რომ ვთქვათ, ალტერნატივა საერთოდ არ გჭირდებათ. თუ მაინცდამაინც, მაშინ SD Maid გამოიყენეთ.

10. თითქმის ყველა ანტი-ვირუსის აპლიკაცია

დახასიათება: Play Store-ში ანტი-ვირუსის აპლიკაციებიც ძალაინ ბევრია. მათი უმრავლესობა ისეთი კომპანიებისგანაა, რომლებმაც პერსონალურ კომპიუტერებზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს, ახლა კი თავიანთი გავლენის გავრცელებას მობილურზეც ცდილობენ.

საფრთხეები: აღნიშნულ აპლიკაციებზე ვერ ვიტყვით, რომ საშიშია, თუმცა ისინი ნამდვილად უსარგებლოა. Android-ის ოპერაციული სისტემა საკმაოდ დაცულია იმისთვის, რომ ტელეფონში ვირუსი არ შემოუშვას. სამწუხაროდ, ისეთ აპლიკაციებს, როგორებიც ზემოთ განვიხილეთ, ვერცერთი მეთოდი ვერ აღიქვამს საფრთხედ.

ალტერნატივები: როგორც უკვე ვთქვი, მათი გამოყენების არანაირი საჭიროება არ არის, ამიტომ არ გირჩევთ რომელიმე ანტი-ვირუსის დაყენებას.

შეჯამება

ალბათ უკვე მიხვდით, რომ არასოდეს არ უნდა დააყენოთ ისეთი საეჭვო აპლიკაციები, რომლებიც უცნობი მიზეზის გამო თქვენს ადგილმდებარეობას კითხულობენ, ან იქექებიან თქვენს ფაილებში. აგრეთვე უნდა მოერიდოთ Cheetah Mobile-ის მიერ დამზადებულ აპლიკაციებს. თუ რომელიმე აპლიკაციები რეკლამებით თავს გაბეზრებთ, ჯობია სასწრაფოდ წაშალოთ იგი, რადგან რეკლამების ატანას ჯობია უკეთესი ალტერნატივა მოძებნოთ. წარმატებებს გისურვებთ.